ყავის ბარი CORA რამდენიმე თვის წინ, სანკტ-პეტერბურგის 6 ნომერში მდებარე სასტუმრო Heritage Hotel & Suites-ის ეზოში გაიხსნა.
სანკტ-პეტერბურგის ქუჩა XIX საუკუნის თბილისის ისტორიის ნაწილია. აქ კარგად იკითხება ეპოქა, თბილისური ხასიათი, ერთმანეთს ენაცვლება ფასადთა ევროპული ფორმები, ხოლო სხვადასხვა სტილით ნაშენი ევროპული ფასადების მიღმა ტრადიციული თბილისური, აივანშემოვლებული ეზოები იმალება.
ერთ-ერთი, რაც სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 6 ნომრის სახლში აღფრთოვანებას იწვევს, სწორედ მისი ეზოს სივრცე და ეზოსპირა ფასადების არქიტექტურული მორთულობაა. სახლს, რომელიც 1890-იან წლებშია აშენებული სწორკუთხა მოყვანილობის ეზოს ხის აჟურულმოაჯირიანი აივნები სამ სართულად სამმხრივ შემოუყვება. სახლის ფლიგელების განაპირა მხარეები ხვეული კიბით სრულდება.
ამ თბილისური მარგალიტის შენარჩუნება მოხერხდა ავთენტური სივრცითი სტრუქტურით, გეგმარებით და არქიტექტურული მორთულობის ყველა დეტალით. სამწუხაროდ, ქალაქს გაცილებით მეტი დანაკარგის ისტორია აქვს, ვიდრე შენარჩუნების.
2013 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, ქ. თბილისში, ფურცელაძის ქ. #17-ში მდებარე "საცხოვრებელი სახლის ნგრევითი პროცესები დაიწყო". 16 ოქტომბერს "მშენებლაბთან და არქიტექტორებთან ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე შენობის დემონტაჟი გადაწყდა" და 17 ოქტომბრიდან, "სახლის ავარიული ნაწილის დემონტაჟი" დაიწყო. პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა. ქალაქის ხელისუფლებამ მხოლოდ მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებელი ბინების ქირის ნაწილის კომპენსირება შეძლო და ტერიტორიით ინვესტორის მოზიდვა მათ მიანდო.
მოსახლეობა ამ პროცესში უამრავ პრობლემას წააწყდა, რომლებთან გამკლავებაც ხანგრძლივ ვადაში, მაგრამ წარმატებით შეძლეს. შეთანხმება იქნა მიღწეული კერძო ინვესტორთან, მოხდა ესკიზური პროექტის დამტკიცებაც, მაგრამ მე-13 წელია, ერთი შეხედვით თბილისში საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას დღემდე მხოლოდ ნანგრევებია.
CORA-ში ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იმ პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების გაზიარება იქნება, რომელიც ორივე ზემოთ დასახელებულმა, წარმატებულმა და წარუმატებელმა შემთხვევებმა მოგვცეს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ძვირფასი იქნება ძველი თბილისის იმ ახალგაზრდა მოსახლეობისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც მძიმე ავარიულ მდგომარეოაშია. ასევე, არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, საინვესტიციო თუ დეველოპერული კომპანიებისთვის და თბილისის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის.
მიმოვიხილავთ შემდეგ თემებს:
• რატომ ინგრევა თბილისი - მოსახლეობის ინდიფერენტულობის შესახებ
• როგორ მოვემზადოთ ინვესტორთან შესახვედრად - საბუთები და მოთხოვნები
• როგორ ვესაუბროთ მოსახლეობას - ინვესტორებსაც ბევრი აქვთ სასწავლი
• როგორ შენარჩუნდა სანკტ-პეტერბურგის ქ. #6 და როგორ ვითარდება ის დღეს
გელოდებით CORA-ში, 26 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე.
დავლიოთ ყავა და ვისაუბროთ თბილისზე.