თიბისი კონცეპტის გალერეა, მარჯანიშვილის 7-ში, 30 ოქტომბრის ჩათვლით, მასპინძლობს გამოფენას რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია.
გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ, დაესწროთ კურატორის და ხელოვანის ტურებს.
დასწრების მსურველები, დარეგისტრირდით ბმულზე -
https://www.conceptevents.ge/events
• 22 ოქტომბერი, 19:00 საათი - ირინა პოპიაშვილი, გამოფენის კურატორი
• 28 ოქტომბერი, 19:00 საათი - რუსუდან ხიზანიშვილი, ხელოვანი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტურზე რეგისტრაციას, მომდევნო დღეებში, კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ.
რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა გამოფენილი.
რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ჭირს. ის ხატავს ქალებს, რომლებიც უცნობი მითების გმირებს ჰგვანან.
ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ.
ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ კანის ნაცვლად ფარფლები აქვთ. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების მეშვეობით გვიყვება ისტორიებს.
რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ის რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში.
2025 წელს ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა).
მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,, ყვარლის ფონდში, ბრეუსის ფონდში.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს.
ხელოვანთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
aW5mbyB8IHdpbmRvd3Byb2plY3QgISBjb20=
თიბისი კონცეპტის მულტიფუნციური სივრცის გალერეა
მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები:
ორშაბათი - შაბათი: 10:00 - 20:00
You may also like the following events from TBC Concept - თიბისი კონცეპტი:
Also check out other
Arts events in Tbilisi.